Sunday, October 5, 2014

   მახსოვს ქუჩაში მივდიოდი ზამთრის ცივი და სუსხიანი საღამო იყო, დღის აჩრდილები ღამის მოჩვენებებს უნდა შეეცვალათ, ცა უხვად იმეტებდა თოვლის ფიფქებს...
ლამპიონების სინათლეზე თოვლი უცნაური შეფერილობის იყო და როდესაც ფეხით ვეხებოდი კი არ ჭრიჭინებდა არამედ შესაბრალისად წივწივებდა, თითქოს სურდა გამოეხატა პროტესტი ასე უმოწყალოდ რომ ვსრესდით ჩვენ ადამიანები. მინდოდა გავქცეოდი ამ ხმას და ნაბიჯს ვუმტებდი, ხმა კი კიდევ უფრო გამძაფრებით მომყვებოდა უკან, ფრენა რომ შემძლებოდა ალბათ მიწას არც კი შევეხებოდი  ისე მტანჯველად იჭრებოდა ეს ხმა ჩემში. გიფიქრიათ რა მარტივად შეგვიძლეა ადამიანებს გავთელოთ ირგვლივ ყოველივე, რაც ესეთი უმწეო,სპეტაკი,წმინდა და შეურყვნელია?!  იცით რა არის მიზეზი ამისა? "ჩვენი" მანკიერებანი:
-ევამ აცდუნა ადამი
-კაენმა მოკლა აბელი
-იყო ნოე
-იყო წარღვნა
-იყო კიდობანი
-და იყო ხელახალი დაბადება ...
    თოვლის ფიფქები,  რომელიც სახეზე მადნებოდა  ცრემლებად იღვრებოდნენ ჩემში, და თითქოს ჩემს მიერ გათელილ თოვლს თავადვე დასტიროდნენ...
უმოძრაობას ვგრძნობდი, არ ვიცი ამ მდგომარეობაში და ფიქრში რა დრო გავიდა, მესმოდა მოსიარულეთა ფეხის ხმა, რომელთაც თოვლის წივწივი უერთდებოდა (სწორედ ამ ხმამ გამაშეშა და ფიქრებით ძალიან შორს გამაქანა) ეს შერწყმული ხმა თითქოს ქვეყნის ავკარგზე მესაუბრებოდა.
   ერთ პატარა ქალაქში აღმოვჩნდი (სადაც გავიზარდე) ნახევრად დანგრეული შენობის წინ სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ (თუკი შეიძლება მათ ყოფას ცხოვრება ვუწოდოთ) გარშემო მიწას თოვლი შერეოდა და ფეხით მოსიარულენიც არსად ჩანდნენ, შენობაც კი საშინელი უკაცრიელი იყო, თითქოს ყველა და ყველაფერი გაყინულიყო. საცხოვრებელი შენობიდან  უიმედობა და სისასტიკი მოედინებოდა, ეს გრძნობა- ეს სისასტიკე მაშინებდა. მაფიქრებდა ამ შენობაში არსებული სიცოცხლის უსიცოცხლობა და სევდა ერეოდა ჩემს შიშსს.
როცა ფიქრიდან გამოვერკვიე აღმოვაჩინე რომ არაფერი შეცლილიყო, ისევ ნახევრად დანგრეული შენობის წინ ვიდექი,- მხოლოდ ქალაქი იყო სხვა (ქალაქი სადაც ვცხოვრობ). გარშემო ისევ სისასტიკე და უიმედობა ზეიმობს, თოვლი კი კვლავ მეღვრება სახეზე რომელიც არ ვიცი ვის ან რას დასტირის, ადამიანების სისასტიკეს?? ან იქნებ თავის უმწეობას?? ერთია, ეს ფიფქები დღემდე ცრემლებად იღვრებიან ჩემში და კვლავ მესაუბრებიან ქვეყნის ავკარგიანობაზე, და მე ამ ფიქრებში ჩკარგული კვლავ ვაგრძელებ ცხოვრებას ქალაქში - სადაც ნახევრად დანგრეული შენობები დგანან...